Uncategorized

ლურჯი მოცვის ძირითადი მავნებლები და სოკოვანი დაავადებები

ლურჯი მოცვის გაშენებისათვის საჭიროა ტენიანი, მსუბუქი და კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი, კარგად ხარობს მჟავე ნიადაგებში. ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში 2006 წელს დაიწყო, ნერგები აშშ-დან ჩამოიტანეს და საცდელი მიზნით პირველად დარგეს იმერეთში, სოფელ სიმონეთში, დღეისათვის საქართველოში ლურჯი მოცვის გაშენებული ბაღების ჯამურმა რაოდენობამ 2000 ჰა_ს გადააჭარბა, 2023 წლის მონაცემებით საქართველოში მოსავალმა 4 მლნ კილოგრამს მიაღწია, მოსავლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

ლურჯი მოცვის წარმოებას ხელს უშლის მავნებლების და სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრი.

ლურჯი მოცვის ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლა:

  • მოცვის კვირტის ტკიპა;
  • თრიფსი;
  • მაისის ღრაჭა;
  • მოცვის ფოთოლხვევია;

მოცვის კვირტის ტკიპა – მოცვის კვირტის ტკიპას სიგრძე 0.2 მილიმეტრს არ აღემატება. აქვს მღრღნელი პირის აპარატი, რის საშუალებითაც იკვებება მცენარის კვირტით და შეუძლია მისი სრული განადგურება. კვირტის ტკიპათი დასახლებული და დაზიანებული მოცვის ნაყოფი ადვილი გამოსარჩევია. კვირტი დეფორმორებულია და ზომაშია მომატებული. შეცვლილი აქვს ფერი და მუქ მოწითალო-ყავისფერ შეფერილობას ღებულობს.

ბრძოლის ღონისძიებები – მოცვის კვირტის ტკიპის წინააღმდეგ წამლობა ტარდება პესტიციდებით ორტუსი, სილტაკი ან სხვა ინსექტო-აკარიციდით.

თრიფსი – მოცვის თრიფსებს აქვთ მწუწნავი პირი აპარატი, სახლდებიან ფოთლის ქვედა მხარეს, იკვებებიან მცენარის უჯრედის წვენით. ფოთოლზე ჩნდება მცირე ზომის უფერული ლაქები. ფოთოლი მცირედ ეხვევა და ხუჭუჭდება. ამავე ფოთლის ქვედა მხარეს ლუპის (გამადიდებლის) დახმარებით ადვილად შეიმჩნევა იქ დასახლებული თრიფსები.

ბრძოლის ღონისძიებები – შესხურება პესტიციდებით ნაყოფის გამოჩენამდე. ინსექტიციდები: სილტაკი (ჰეპტამეთილ-ტრისილოქსანი), ტალსტარი (ბიფენტრინი), რადიანტი (სპინეტორამი), ექსირელი (ციანტრანილიპრომი) და სხვ.

მაისის ღრაჭა – მაისის ღრაჭას სხეულის სიგრძე 18-25 მმ-ია. თავი და ზურგის წინა ნაწილი მოშავო-მონაცრისფრი შეფერილობისაა, დაფარულია შავი ფიფქით. ზედა ფრთები ყავისფერია და თეთრი ფიფქითაა დაფარული. ხოჭოები იზამთრებენ მიწაში 25-50 სმ სიღრმეზე. მავნებლის მატლები იკვებებიან მცენარის ფესვებით, ხოჭოები იკვებებიან ახალგაზრდა ფოთლებით, რომლებსაც თითქმის ძარღვებამდე ჭამენ. მავნებელი აქტიურობას საღამოს საათებში ამჟღავნებს.

მოცვის ფოთოლხვევია – მოცვის ფოთოლხვევია წარმოადგენს პატარა ღამის პეპელას ყავისფერი შეფერილობით. მდედრი შემოდგომით 250-მდე კვერცხს დებს მცენარის ყლორტებზე. აქვე იზამთრებენ, ხოლო აპრილში გამოდიან მწვანე მატლები 1.5 სმ სიგრძის. მატლის თავი შავი ფერისაა. მოცვის ფოთოლხვევიები იკვებებიან კვირტებით და ყვავილებით, ასევე ახალგაზრდა ფოთლებით, რომლებსაც ცილინდრივით ახვევენ.

ფოთოლხვევიას წინააღმდეგ წამლობის დაწყება საჭიროა კვირტების გაშლიდან ყვავილობამდე შემდეგი ინსექტიციდებით: კაისო, ვამპ დუო და სხვ.

ლურჯი მოცვის ძირითადი სოკოვანი დაავადებები და მათთან ბრძოლა:

  • ანთრაქნოზი;
  • მოცვის ჟანგა;
  • ალტერნარიოზი;
  • ნაცრისფერი სიდამპლე;
  • ნაცარი;
  • ფომოფსისი;

ანთრაქნოზი – ანთრაქნოზით ავადდება მოცვის ნაყოფები, ყვავილედი და ყლორტები. დაავადებულ ფოთლებზე ფორმირდება მოწითალო-ყავისფერი ლაქები. ყლორტებზე ჯერ ჩნდება პატარა ლაქა, რომელიც დიდდება და მურა ფერს ღებულობს, შუა ადგილი ჩაზნექილია, ნაპირები კი ამოწეული აქვს. დაავადებული ტოტი, ყლორტი განიცდის დეფორმაციას და იწყებს ხმობას.

ბრძოლის ღონისძიებები – ნაკვეთების განთავისუფლება დაავადებული ყლორტების, ნაყოფისა და ნარჩენებისაგან. დაავადების მიმართ გამძლე ჯიშების გამოყენება. წამლობა ფუნგიციდი ჩემპიონით, კოსაიდ 2000, კოსაიდ ოპტი ან სხვა სპილენძის ფუძეზე დამზადებული  პრეპარატით.

მოცვის ჟანგა – მოცვის ფოთლის ზედაპირზე წარმოიქმნება მოწითალო-ყავისფერი ლაქები, ხოლო ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარეს ფორმირდება ნარინჯისფერი მეჭეჭები. საბოლოოდ, დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ცვივა მიწაზე, სადაც სოკოვანი ორგანიზმი იზამთრებს.

ალტერნარიოზი – ავადდება მოცვის ფოთლები და ნოყოფი. დაავადებულ ფოთლებზე ვითარდება მოწითალო არშიის მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქები, რაც იწვევს მათ ცვენას. ნაყოფი რბილდება და შრება. იფარება მონაცისფრო-მწვანე ფიფქით, რაც დაავადების გამომწვევი სოკოს სპორებშია.

ბრძოლის ღონისძიებები: ნაკვეთების გასუფთავება დაავადებული ფოთლებისა და ნაყოფისაგან. უპირატესობა ეძლევა სპილენძის ფუძეზე დამზადებულ პრეპარატებს: კუპროქსატი, ჩემპიონი, კოსაიდ 2000, კოსაიდი ოპტი ასევე რეკომენდირებულია აფეტი (პენთიოპირადი),

ნაცრისფერი სიდამპლე – დაავადებულ ლურჯი მოცვის ფოთლებზე წარმოიქმნება ყავისფერი ლაქები. ფოთლები დეფორმირდება, იგრიხება, იფარება ნაცრისფერი ფიფქით, რაც სოკოს გამომწვევი სპორებია. საბოლოოდ ნაყოფი ლპება. დაავადების განვითარება ძლიერდება მაღალი ტენიანობის პირობებში. დაავადების გამომწვევი სოკო იზამთრებს ნიადაგში და ჩამოცვენილ ფოთლებში.

ბრძოლის ღონისძიებები – ნაკვეთის გასუფთავება დაავადებული ნაყოფისაგან. რეკომენდებულია აფეტი (პენთიოპირატი) -100მლ/100 ლ წყალზე; ნანდო (ფლუაზინამი) – 100 მლ/100ლ წყალზე.

ნაცარი – პირველი სიმპტომები ვლინდება გაზაფხულზე ძირითადად ფოთლებზე და ახალგაზრდა ყლორტებზე, რომლებიც იფარება თეთრი ფიფქით, რომელიც წარმოადგენს სოკოს კონიდიებს. შემდეგ ფიფქი მუქდება და ზედ ვითარდება პატარა შავი წერტილები, რომლებიც წარმოადგენენ სოკოს მოზამთრე ჩანთიან სტადიას – კლეისტოკარპიუმებს. ისინი არიან მომავალი წლისთვის ახალი ინფექციის წყარო.

ბრძოლის ღონისძიებები – დაავადებული ფოთლებისა და ყლორტების გამოტანა და დაწვა. კულტურის ვეგეტაციის განსაზღვრულ ეტაპზე რეკომენდებულია: ტებუკონაზოლის (მისტიკი), პროკუინაზიდის (ტალენდო) ბაზაზე დამზადებული პრეპარატები. ტალენდო – 25 მლ / 100 ლიტრ წყალზე; მისტიკი – 40 მლ / 100 ლიტრ წყალზე; მენეჯი – 35 გრ / 100 ლიტრ წყალზე.ფომოფსისი – ფომოფსისი იწვევს მოცვის ტოტების ხმობას. დაავადება იწყებს დაზიანებას ყლორტების წვეროებიდან და მიდის დაბლა, 4-5 სმ -30 სმ-მდე. დაავადებული ტოტები ხმება, ფოთლები უწითლდება და ცვივა. დაავადებულ რქებზე ვითარდება მუქი მოყავისფრო ლაქები, რომლებიც თანდათან იზრდება და ერთმანეთს უერთდება ყლორტებზე ქერქი სკდება და დაავადება ღრმად იჭრება მერქანში. დაავადების გავრცელებას წვიმა ძალიან უწყობს ხელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *