პირველ რიგში ფერმერმა უნდა გააცნობიეროს, რომ ვაზის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას. ვაზის დაცვის სისტემა არის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, რომელშიც შედის აგროტექნიკური, სელექციური, ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და ბიოტექნიკური დაცვის მეთოდები. ამ ქმედებების საბოლოო მიზანია ქიმიურ წამლობათა რაოდენობის შემცირება და მცენარეთა ეკოლოგიური მაჩვენებლების გაზრდა.
ვაზის სოკოვანი დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მევენახეობაში. ის საფრთხეს უქმნის როგორც ვაზის ზრდასა და განვითარებას, ასევე ყურძნის ხარისხს.
ვაზის ძირითადი სოკოვანი დაავადებებია:
- ვაზის ჭრაქი
- ვაზის ნაცარი
- ვაზის ანთრაქნოზი
- ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე
ვაზის ჭრაქი – ამ დაავადებას Plasmopara viticola სახეობის სოკო იწვევს, აზიანებს მცენარის მიწისზედა ორგანოებს. ნორჩი ფოთლების ზედა მხარეს ჯერ ქლოროზული, შემდეგ კი ზეთოვანი ლაქები წარმოიქმნება, ლაქები ერწყმიან ერთმანეთს, რის გამოც ფოთლოვანი ფირფიტის დიდ ნაწილს ფარავენ. ფოთლის ქვედა მხარეს ლაქებზე ჩნდება თეთრი ნაფიფქი, რომელიც დაავადების გამომწვევ უნაყოფო სპორომატარებელს წარმოადგენს. ხშირად ნაფიფქი თავს იჩენს ლაქების წარმოქნამდე და პირიქით. მშრალ ამინდში ნაფიფქი შესაძლებელია ადრეც წარმოიქმნას. დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა. ჭრაქი აზიანებს ვაზის ფოთლებს, ყლორტებს, ყვავილებსა და მტევნებს, რაც ფოტოსინთეზის შეფერხებას, მცენარის დასუსტებას და ზრდის შეჩერებას იწვევს. დაავადება გრილ და ნესტიან პირობებში ვითარდება — ოპტიმალურია 20-25°C ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა.
ჭრაქის წინააღმდეგ გამოიყენება პესტიციდები: ლიმაი, ზორვეკ ვინაბელი, კურზატი რ, კოსაიდ 2000 და სხვ.
ვაზის ნაცარი – ამ დაავადებას Uncinula necator სახეობის სოკო იწვევს, რომელიც მშრალ და თბილ ამინდში, დაახლოებით 20-27°C ტემპერატურის პირობებში ვითარდება. დაავადება ვითარდება მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში და აზიანებს მწვანე ორგანოებს. ფოთლის ზედა მხარეზე წარმოიქმნება მონაცრისფრო, ადვილად მოსაცილებელი ნაფიფქი, რომელიც ქვედა მხარეზე, ასევე ყუნწზე და მტევანზე გადაედება. გარკვეული დროის შემდეგ ფოთლებზე მკვდარი ქსოვილის მუქი უბნები წარმოიქმნება, მარცვლებზე ვითარდება მკვრივი ნაცრისფერი ნაფიფქი. დაავადების ადრეულ ფაზაში მარცვლები წყვეტენ ზრდას, ხმებიან, მაგრამ მათი ცვენა არ ხდება. უფრო გვიანდელი გამოვლინების დროს მარცვლები სკდება, რის გამოც მათზე სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმები სახლდებიან.
ნაცრის პრევენციისთვის ვენახის რეგულარული მონიტორინგი, ვენტილაციის უზრუნველსაყოფად ვენახის სწორი გასხვლა, გამძლე ჯიშების გამოყენება და ფუნგიციდებით დამუშავებაა საჭირო.
ნაცრის წინააღმდეგ გამოიყენება პესტიციდები: ტალენდო, მისტიკი, ბიოპრეპარატი “ამილო – x” და სხვ.
ვაზის ანთრაქნოზი – ამ დაავადებას Elsinoe ampelina სახეობის სოკო იწვევს, რომლის განვითარებასაც ტენიანი და თბილი ამინდი — 20-26°C დიაპაზონში — უწყობს ხელს.
ანთრაქნოზის დროს მიწისზედა ნაწილში არსებული ყველა ორგანო ავადდება. ფოთლებზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის და ფორმის ნაცრისფერი ლაქები, გარშემორტყმული მოწითალო რუხი ფერის არშიით. დაზიანებული ქსოვილები იშლება და ცვივა, ფოთლები განიცდიან დაფაცხავებას. ლაქები ფორმირდება აგრეთვე ფოთლის ძარღვებზეც, ეს კი არღვევს გამტარი სისტემის მოქმედებას. ფოთოლი ხმება და იწყებს ცვენას. ყვავილედის დაზიანების შემთხვევაში მომრგვალო შავი ლაქები წარმოიქმნება. ყვავილები და ნასკვები მუქდება და ცვივა.
ანთრაქნოზის პრევენციისთვის გასათვალისწინებელია ვაზის ჯიშების გამძლეობა, ვენახში სანიტარიული ნორმების დაცვა, ვეგეტაციის პერიოდში ფუნგიციდების გამოყენება, მცენარეთა შორის სწორი მანძილის დაცვა და ნიადაგის პროფილაქტიკური დამუშავება. დაავადებებთან საბრძოლველად აქტიურად შეგიძლიათ მოიხმაროთ შემდეგი პრეპარატები: კოსაიდ ოპტი, ბიოპრეპარატი “ამილო-x” და სხვა.
ვაზის ნაცრისფერი სიდამპლე – – ამ დაავადებას ძირითადად Botrytis cinerea, სახეობის სოკო იწვევს, ყურძნისთვის საშიშია, როდესაც მტევანი ავადდება. ვენახის დაავადება თითქმის ყველა სტადიაშია შესაძლებელი. ნაცრისფერ სიდამპლეს ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ყურძნის სიმწიფის პერიოდში. მარცვალზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, რომლებიც შემდეგში მთელ მარცვალს ედება და იფარება ღია ყავისფერი ფიფქით. დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა მაღალი ტენი, მის განვითარებას ხელს უწყობს, აგრეთვე, სეტყვა, ყურძნის ჭია, ნაცარი, ჭრაქი და სხვა.
ნაცრისფერი სიდამპლის განვითარება იწყება ყვავილობის ფაზაში, შემდეგ გადადის ფარულ მდგომარეობაში, იგი რჩება ყურძნის მარცვლის შიგნით და შემდეგ თავს იჩენს ყურძნის სიმწიფეში შესვლიდან, როცა მისი განვითარებისა და გამრავლებისთვის შესაფერისი პირობებია. ზოგჯერ პირველი დაზიანება ყურძნის სიმწიფის დაწყების პერიოდში ხდება.
ვაზის ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ საბრძოლველად მაღალეფექტურია შემდეგი პრეპარატები: ტაზერი, აფეტი, სიქავერი და სხვა.
ძირითადი დაავადებების გარდა ასევე ვაზში გვხვდება სხვა სოკოვანი დაავადებებიც ესენია:
- ვაზის ფოთლების დახვევა
- ვაზის ფოთლების მუხლთშორისების დამოკლება (მარაოსებრი გადაგვარება)
- ვაზის ბაქტერიული დაავადებები
- ბაქერიული კიბო
- პირსის დაავადება
- ვირუსული დაავადებები
- მოზაიკის ვირუსი